ლორდ დევიდ ბალფური ოჯახში მესამე ვაჟი იყო და არისტოკრატულ ინგლისურ ოჯახში არსებული ტრადიციის თანახმად, სულიერი ასპარეზი უნდა აერჩია. მას ბავშვობიდანვე ამზადებდნენ კათოლიკურ ეკლესიაში მსახურებისათვის. დაამთავრა იეზუიტთა კოლეჯი, შემდეგ მიიღო უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება, რის შემდეგაც პარიზში ბერ-მონაზვნად აღიკვეცა. ახალგაზრდა ლორდის აღკვეცისას ქალები ტიროდნენ, ვინაიდან ის მეტისმეტად ლამაზი იყო.
დღეს მრავალი სექტის წარმომადგენელი დადის ჩვენს მიწა-წყალზე და ავრცელებს ჭეშმარიტებიდან გადამყვან ლიტერატურას. უნებისყოფო, რელიგიაში გაუცნობიერებელი ადამიანები ადვილად წამოეგებიან ხოლმე მათ ანკესზე, მორწმუნენი კი არ უსმენენ, ან იქით უქადაგებენ საღვთო სჯულს და ძალიან ხშირად წარმატებასაც აღწევენ, - მათი მცდელობით დედა-ეკლესიას დაუბრუნდა ბევრი ბაპტისტი და იეღოველი, ორმოცდაათიანელი თუ კრიშნას მიმდევარი. 2002 წლის შემდგომაზე კი ქართულ მართლმადედებელ ეკლესიას შეემატა ეროვნებით ინდოელი აღმსარებელი, რომელმაც მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით, საშობაო მარხვა დავით-გარეჯის მონასტერში გაატარა. ღვთის შეწევნით, გარეჯის უდაბნოში მას დახვდა ახალგაზრდა მორჩილი, რომელიც ახალმოქცეულს ინგლისურად ელაპარაკებოდა და ქართულსაც სათანადოდ ასწავლიდა.