ჩვენთან არს ღმერთი!
ავტორისაგან
პირველმა კოსმონავტმა იური გაგარინმა მიწაზე დაბრუნებისთანავე განაცხადა: - ღმერთი არ არსებობს, რადგან იგი ზეცაში არ მინახავსო.
ზოგმა ირწმუნა ამ სიტყვებისა, ხოლო, ვინც იცოდა, რომ კოსმონავტს მთვარემდეც კი არ მიუღწევია და რომ მან კოსმოსური სამყაროს მხოლოდ უმცირესი ნაწილი ნახა, გაეღიმა ამ გულუბრყვილო განცხადებაზე. ცნობილია, დედამიწიდან უახლოეს გალაქტიკამდე რომ მიაღწიო რამდენიმე მილიონი წელიწადია საჭირო. ასეთი გალაქტიკები კი მილიონობითაა. ამიტომ განსვენებული კოსმონავტის ეს სიტყვები მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა სარწმუნო, ვისაც ამ საქმისა არაფერი გაეგება, ვისაც არაფრით არ უნდა იწამოს ღმერთი.
იური გაგარინისგან განსხვავებით ამერიკელი ასტრონავტების პირველი ჯგუფი მთვარეზე დაჯდომისთანავე მოჰყვა ბიბლიის კითხვას და ამის მოწმე მილიონობით ტელემაყურებელი გახდა. ამერიკელი ასტრონავტების გარდა ღვთის არსებობა უამრავ მეცნიერსა და გამოჩენილ ადამიანს სწამს.
მთელ სამყაროში ჩვენი დედამიწა ერთი ციცქნა, შეუმჩნეველი მტვრის ნაწილაკია. ამ მტვრის ნაწილაკზე ცხოვრობს ადამიანი. აქ ჩაიდინა მან თავისი პირველი ცოდვა და აქვე მოხდა მისი ამ ცოდვისაგან განწმენდა. თვით სამყაროს შემოქმედმა შეისხა ხორცი, გარდამოგვევლინა ზეციდან და ოცდაცამეტი წელი იცხოვრა დედამიწაზე. მაგრამ მისივე ქმნილი არსება აღსდგა მისსავე წინააღმდეგ და ჯვარს აცვა იგი.
დაფიქრებულხართ ოდესმე იმაზე, რა არის კაცი ღმერთთან შედარებით?!
არარაობა! მაგრამ თავი ყოველთვის ისეთ დიდ ვინმედ წარმოუდგენია, რომ ღმერთს, თავის გამჩენსაც უარყოფს. ამით კი სამუდამოდ იღუპავს თავს. ღვთის რწმენა არ შეიძლება აღიგავოს პირისაგან მიწისა, არ გაქრება იგი მანამ, სანამ სამყარო არსებობს. ღვთის რწმენა ყოველთვის ცოცხლობს ბრძენ ხალხში, ცოცხლობს იგი პაპა დამიანეს (მას სოფელში ყველა ასე იხსენიებდა), იმ თბილი და ბრძენი კაცის გულში, რომელსაც ეს წიგნი გაგაცნობს, ძვირფასო მკითხველო!